Image Alt

კალიგრაფიის ხელოვნების სკოლა ბავშვებისათვის

  • მასწავლებლები და ჯგუფები:
  • ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა: 10 (ადგილები შეზღუდულია)
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1,5 საათი (საათნახევარი), გაკვეთილები ტარდება კვირაში ერთხელ
  • მდებარეობა: თბილისი, ჯორჯაძის ქუჩა.
  • წინაპირობები: კურსი გათვლილია სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც საუბრობენ ქართულ ენაზე და შეუძლიათ ქართულად წერა.
  • ღირებულება: თვეში 150 ლარი. ღირებულება მოიცავს საბაზისო მასალას.

სასწავლო პროგრამა მოიცავს

  • ქართული კალიგრაფიის ისტორიას, გამორჩეული ხელნაწერებისა და კალიგრაფების თავგადასავლებს
  • ქართული დამწერლობის სახეობებს
    • მხედრულ კალიგრაფიულ სახეობებს
    • ასომთავრულ კალიგრაფიულ სახეობებს
    • ნუსხურ კალიგრაფიულ სახეობებს
  • ქართულ თანამედროვე კალიგრაფიულ მიმდინარეობებს
  • კომპოზიციის სწორად აგებას
  • ხელნაწერის ორნამენტებით შემკობას, ასოთა გაფორმებას
  • სხვადასხვა საწერ მასალას, იარაღებს და მათ გამოყენებას
  • კალიგრაფიული სუვენირების, ღია ბარათების, სანიშნის, მისალოცი ბარათების და სხვ. შექმნას
  • სტუმრობას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უძველესი ხელნაწერების სანახავად

ქართული კალიგრაფიის ხელოვნება 15 საუკუნეზე მეტს ითვლის!
გაგიკვირდებათ და, ეს ხელოვნება ამავე დროს თანამედროვეობის საუკეთესოდ ასახვისა და ხელოვნებაში მომავლის ხედვის შესაძლებლობაა!

  • რატომ უნდა ისწავლოს მოზარდმა ქართული კალიგრაფიის ხელოვნება?
  • როგორია ქართული კალიგრაფიის სამყარო?

ეს ერთგვარი დროის მანქანაა – ქართული კალიგრაფია არის ისტორიაში მოგზაურობა ხელოვნებასთან ერთად! ქართული ანბანის შექმნისა და განვითარების ყველა ეტაპი ასახავს იმ სამყაროს, რომელშიც ის იწერებოდა. კალიგრაფების მიერ შექმნილ თითოეულ ხელნაწერს თავისი ამბავი აქვს, ლამის სათავგადასავლო ხასიათის ფილმის მსგავსი;
კალიგრაფია – არა მხოლოდ „სუფთა წერა“. ეს ლამაზად წერის ხელოვნების საიდუმლოებებია, რომლებსაც ჩვენთან ერთად ამოვხსნით. ციფრული სამყაროს მოძალების ეპოქაში ახალგაზრდისათვის ხელით ლამაზად წერა სიამოვნებად იქცევა. მოზარდი იწყებს წერას და თანდათან ანბანში გააცოცხლებს საყვარელი ადამიანების სახელებს, ამოჩემებულ ფრაზებსა თუ ანბანის თითოეული გრაფემით შექმნის მცენარეულ, გეომეტრიულ თუ აბსტრაქტულ ინიციალებს. კალგრაფიის ხელოვნების კურსის ფარგლებში შესაძლებელი გახდება უნიკალური და ორიგინალური სუვენირების, საჩუქრების მომზადება ახლობლებისა თუ მეგობრებისათვის – საჩუქარი, რომლის ანალოგიც არ არსებობს, რომელშიც ავტორმა ჩადო ემოცია და ქართული ანბანის ძალა!
ესთეტიკისა და კომპოზიციის ზედმიწევნით სრულყოფილი სამყარო – კალიგრაფიული ნამუშევრის შექმნისას მოზარდი ეხება კომპოზიციისა და ფერების ისეთ სივრცეებს, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, სადაც მეფის კალიგრაფი თავის გამოცდილებას უზიარებს მოწვეულ მხატვარს. ეს ესთეტიკა და ხელოვნების ამგვარი აღქმა კი ახალგაზრდას გამორჩეულ ხელწერას სძენს მის ნებისმიერ არჩევანში, ხელოვნება იქნება ეს, ტექნოლოგიები, დიზაინი თუ მეცნიერება;
ქართული ანბანის ხვეულების საიდუმლოება – ეგებ გაგიკვირდეთ კიდეც, შინმოსული შვილი თუ შეგისწორებთ: მსოფლიოში 14 ანბანი კი არა, გაცილებით მეტი არსებობსო. ეს სიმართლეა – ქართული ანბანი ათობით სხვა ანბანს შორისაა, მაგრამ თქვენი შვილი უცილოდ გაგიმხელთ კიდევ ერთ ამბავს, რომ ამ ათობით ანბანს შორის ქართული ანბანი არის ყველაზე მეტად სიახლის მაძებელი, სრულყოფილებისაკენ მიდრეკილი. სწორედ ამიტომაა, რომ გვაქვს ანბანის განვითარების სამი ძირითადი სახეობა და ამ სახეობებს შიგნით ჩამოყალიბებული ხელნწერის არაერთი მიმართულება;
კალმისა და მელნის ჯადოსნობა – მხოლოდ კალიგრაფიის ხელოვნების გაკვეთილებზე გაქვთ შესაძლებლობა, მოსინჯოთ მარჯვენა კალმის ოსტატობაში, შეაზავოთ მელანი, საღებავები და შემდეგ ეს ფერები სიტყვებად, ტექსტებად აქციოთ. გაგიკვირდებათ, თანდათან, ლითონის კალმის წვერი როგორ დაგემორჩილებათ, როგორ გახდებით „ვეფხისტყაოსანისა“ თუ „იავნანამ რა ჰქმნას“ გადამწერი;
კალმის ხელოვნება საზღვრებს გარეშე – ქართული კალიგრაფია არის უსაზღვრო შესაძლებლობების სივრცე. აბა, დაფიქრდით, ჩვენი კულტურის ყველა მონაპოვარი (ცეკვა-სიმღერა, ღვინის ტექნოლოგიები, სამზარეულო, არქიტექტურა) შეიქმნა გეოგრაფიულ სივრცეში, რომელიც არის ჩვენი ქვეყანა, საქართველო. ქართული კალიგრაფიის ხელოვნება ერთადერთია, რომელსაც არ აქვს გეოგრაფიული საზღვრები: ეს კულტურა იქმნებოდა იერუსალიმში, საბერძნეთში (ათონის წმინდა მთაზე), ევროპაში (პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში), კონსტანტინოპოლში, აფრიკის კონტინენტზეც კი (სინას მთის მონასტერში) – ყველგან, სადაც ცივილიზაცია და პროგრესი იყო!
უნიკალური გამოხატვის საშუალება ემოციური ინტელექტისათვის – ალბათ, შეგინიშნავთ, რომ სრულიად განსხვავებული ემოციით კითხულობთ ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანსა“ და აკაკის „გაზაფხულს“. ჩვენი შვილებიც განსხვავებული შეგრძნებებით ადევნებენ თითსა და თვალს „ჰარი პოტერსა“ და „რაპუნცელს“. კალიგრაფია არის შესაძლებლობა ემოცია გადმოვცეთ სხვადასხვა ხელწერით, კალმის განსხვავებული მონასმითა და ფერებით. შედეგიც სრულიად განსხვავებულია: ერთი ადამიანის განსხვავებული ხელწერები, განსხვავებული სათქმელით ან ერთი და იგივე ტექსტი, სხვადასხვა ადამიანის ხედვითა და ემოციით!
მომავლის ხელოვნება – ალბათ არასოდეს დაფიქრებულხართ, როგორ შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლოგო Coca Cola. არ გაგიკვიდრეთ, თუ პასუხი იქნება – უძველეს ხელნაწერებთან და წიგნებთან მომუავე ადამიანმა, წიგნების მცველმა, ფრენკ მეისონ რობინსონმა შექმნა ის, ანბანის ასოების მოხაზულობისა და მათი ხასიათის კარგი ცოდნის შედეგად. დიახ, სწორედ კალიგრაფიის ხელოვნება შთააგონებს ნიჭიერ დამიანებს შექმნან უნიკალური ლოგოტიპები, შრიფტები, დიზაინი. კალიგრაფიის ხელოვნების თანამედროვეობაში გაცოცხლება გამოწვევაცაა და უნიკალურობის შესაძლებლობაც!