ქართული დამწერლობის შექმნის ზუსტი დრო მეცნიერებაში ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ კალიგრაფიის განვითარებას, სულ მცირე, V საუკუნიდან შეგვიძლია მივადევნოთ თვალი. პირველი ნიმუშები მკაცრად დაცული გეომეტრიული პრინციპის ასომთავრული ასოებითაა შესრულებული. ეს არის ლაპიდარული (ქვაზე შესრულებული) და მოზაიკური წარწერები პალესტინიდან, ბოლნისის სიონისა და მცხეთის ჯვრის ტაძრების წარწერები და სხვა. მელნისა და კალმის უძველესი (V-VII სს.) ქართული კალიგრაფიული ნიმუშები კი პალიმფსესტების სახით შემოგვრჩა: ძველი ხელნაწერი ფურცლებიდან მელანი გადაურეცხიათ და ზემოდან ახალი ტექსტები დაუწერიათ. საბედნიეროდ, ქვედა ფენაც რთულად, მაგრამ მაინც იკითხება. სწორედ ამის დამსახურებით ვიცით, თუ როგორ წერდნენ პირველი ქართველი კალიგრაფები.
გადის წლები და ქართულ ასოთა მკაცრი გეომეტრიული აგებულება, დადგენილი წესები და სტანდარტები ზოგჯერ განზრახ, ზოგჯერ კი განუზრახველად ირღვევა. წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა მატულებს. ზოგი ლამაზად წერს, ზოგი კი – არც ისე. ყველაზე თამამი კალიგრაფები იწყებენ ძიებას და „დამახინჯებული“ ფორმებით შთაგონებულნი ახალ, უმშვენიერეს მოხაზულობებს ქმნიან. ასე ჩნდება ახალი ქართული დამწერლობა – ნუსხური. IX, X და XI საუკუნეებში არაერთი კალიგრაფიული სკოლა ყალიბდება სამონასტრო სკრიპტორიუმებში: პალესტინაში, ეგვიპტეში, სირიაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, ტაო-კლარჯეთში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდის ქართულ კალიგრაფიულ შემოქმედებას საზღვრები არ აქვს, პირდაპირი თუ გადატანითი გაგებით.
რუდუნებით გადაწერილი სასულიერო ხელნაწერებისა და ქვაში გამოქანდაკებული წარწერების გარდა, სამეფო საბუთებიც იწერებოდა, სწრაფი და საქმიანი ხელით. თუმცა საქმიანი ულამაზოს არ ნიშნავს! მეტიც, სამეფოს კულტურული თუ პოლიტიკური სიძლიერის ერთ-ერთ დასტურს სწორედ საბუთების ვიზუალური მხარე, მათ შორის დახვეწილი კალიგრაფია წარმოადგენდა. ამიტომ სამეფო საბუთებისთვის კალიგრაფები საგანგებოდ ავითარებენ ისეთ ხელწერას, რომელიც თან ლამაზია და თან სწრაფად იწერება. ასე იქმნება და ვითარდება მესამე ქართული დამწერლობა – მხედრული, რომლის პირველი ნიმუშებიც X საუკუნიდან გვაქვს.
ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობები საუკუნეთა განმავლობაში ერთმანეთის პარალელურად გამოიყენებოდა და ვითარდებოდა. ქართველ კალიგრაფებს არასდროს შეუწყვეტიათ ახალი მოხაზულობების ძიება. ამიტომაა, რომ სამივე ქართულ დამწერლობას არაერთი ქვესახეობა და კალიგრაფიული ვარიაციები აქვს: სხვადასხვაგვარია ასომთავრული წიგნისთვის, სათაურისთვის, წარწერისთვის, ფრესკისთვის… ერთმანეთისგან განსხვავდება სინურ-პალესტინური და ტაო-კლარჯული ნუსხური… დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროინდელი მხედრული დღევანდელი მკითხველისთვის შეიძლება ძალიან რთული წასაკითხი იყოს… ძალიან დიდი კალიგრაფიული მრავალფეროვნება, ძველის შენარჩუნებასთან ერთად სიახლის მუდმივი ძიება ყველაზე ტრადიციული მახასიათებელია ქართული კალიგრაფიისა.
ეს ტრადიცია წყდება XX საუკუნის დასაწყისში. ამ პარადოქსებით სავსე ეპოქამ თავისი იდეოლოგია ქართულ კალიგრაფიაზეც გაავრცელა: „წარსული ცუდია, ყველაფერი ახალი კი ახალ იდეებს უნდა ემსახურებოდეს“. ამ მიდგომამ ქართული კალიგრაფიის უცნაური, მანამდე უცნობი გზით წასვლა განაპირობა, რის მიმართაც ძალიან ამბივალენტური დამოკიდებულება შეიძლება გაგვიჩნდეს: ერთი მხრივ, სრულად იქნა უარყოფილი ქართული კალიგრაფიული ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, დაიკარგა ცოდნა და გამოცდილება, რაც თავისთავად დღემდე ახდენს უარყოფით გავლენას თანამედროვე ხელოვნებაზე… მეორე მხრივ კი, ქართველი კალიგრაფები იძულებულნი გახდნენ, რაღაც ისეთი შეექმნათ, რაც წარსულს საერთოდ არ მოგვაგონებდა: მათ სრულიად ახალ, აუთვისებელ ველზე შეაბიჯეს და ისეთ მოხაზულობებს მიაგნეს, რაც მანამდე სრულიად წარმოუდგენელი იყო ქართული კალიგრაფიული ხელოვნებისთვის. „ქართულ“ და „არაქართულ“ ხაზებს შორის ზღვარი მოიშალა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეს ძიებები დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან რადიკალურ და მიუღებელ იდეოლოგიებს ემსახურებოდა, შედეგი მაინც საინტერესოა თანამედროვე ქართველი კალიგრაფებისთვის.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით კი მიწურულიდან, ქართულ კალიგრაფიაში თანდათან იწყება კავშირის აღდგენა წარსულის ტრადიციებთან. ჩნდებიან წიგნის, პოსტერის, წარწერების დიზაინერები, რომლებიც საგანგებოდ იყენებენ ძველებურ ასოთა გადაბმებს, ალუზიებსა და გადაძახილებს ნუსხურთან და ასომთავრულთან. იქმნება ახალი ხელნაწერი წიგნებიც კი, რომლებიც მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის აღდგენას ემსახურებიან. ტარდება კონკურსები, რომელთა შედეგადაც კალიგრაფია უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს ახალგაზრდებში.
და ბოლოს, იქმნება საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციაც, რომლის მიზანიც ქართველ კალიგრაფთა მრავალი საუკუნის წინანდელი იდეითაა ნაკარნახევი: ძველი ტრადიციის შენარჩუნება, პატივისცემა, სიცოცხლისუნარიანობა, განვითარება და, ამავე დროს, ახალი ფორმების, ახალი მოხაზულობებისა და იდეებისაკენ მუდმივი სწრაფვა.