საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია არის გაერთიანება ხელოვანებისა, რომელთა შემოქმედებასა და საქმიანობას ქართული კალიგრაფიის მრავალსაუკუნოვანი კულტურა ასაზრდოებს.
ქართული კულტურის მრავალ მიმართულებათა შორის კალიგრაფია ის უნიკალური ფენომენია, რომელიც არ ცნობს საზღვრებს: თხუთმეტ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ხელოვნება ვითარდებოდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, იერუსალიმში, ათონის წმინდა მთაზე, ანტიოქიაში, კაპადოკიასა და კონსტანტინოპოლში, აფრიკის კონტინენტზე (სინის უდაბნოში დაარსებული წმინდა ეკატერინეს მონასტერი) და ევროპაში.
საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის მთავარი მიზანი სწორედ ამ კულტურის პოპულარიზაციაა: კალიგრაფიის ხელოვნების კვლევა, ტრადიციული ქართული კალიგრაფიის დაბრუნება ჩვენს ყოველდღიურობაში და თანამედროვე კალიგრაფიული სკოლის, მიმართულებებისა და ტენდენციების შექმნა.
ასოციაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამედროვე საქართველოს კალიგრაფთა პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობას, მათი საავტორო უფლებების დაცვასა და პროფესიულ განვითარებას.
ამ მიზნების განხორციელებისათვის ასოციაციის საქმიანობის მიმართულებებია: საგანმანათლებლო, საგამოფენო, სოციალური, კულტურათაშორისი კავშირების წარმოჩენა, ტიპოგრაფია და კალიგრაფიის ინტეგრაცია თანამედროვე ციფრულ ხელოვნებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ასოციაცია ზრუნავს, კალიგრაფების შემოქმედება დაუკავშიროს ხელოვნების სხვა მიმართულებებს და ხელი შეუწყოს ამ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანამედროვე ხელოვნების მიმართულებად გარდასახვას.