გიორგი სისაური
კალიგრაფი, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, სათათბიროს წევრი
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო. 7 წლიდან ბიბლიური სცენების, პორტრეტების, ფიგურატიული, აბსტრაქტული კომპოზიციების ხატავს. დამოუკიდებლად ქმნიდა ურთულეს გეომეტრიულ კომპოზიციებსა და სერიებს სხვადასხვა საერო თუ სასულიერო თემატიკაზე. ამავე პერიოდში აქტიურად იღებს მონაწილეობას სახვითი ხელოვნების სხვადასხვა კონკურსში, სადაც მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო. 2008 წლიდან, 12 წლის ასაკში სრულიად იცვლება მისი მხატვრული ხედვა და ის იწყებს იმ გრაფიკული ნამუშევრებისა და აბსტრაქტული კომპოზიციების შექმნას, რომელსაც თავად შემდეგ "არარეალურ რეალობას" უწოდებს. 2010 წელს, 14 წლის ასაკში მისი გრაფიკული ნამუშევრებით დაინტერესდნენ ხელოვნების აგენტები, რომელთა მეშვეობითაც ეს ნახატები "ლუვრის" მუზეუმის ხელოვნების ექსპერტებმა იხილეს და მათში აღფრთოვანება გამოიწვია; რამდენიმე თვეში მხატვარმა მიიღო მოწვევა პარიზის ხელოვნების აკადემიიდან. 2010 წელს ეწყობა მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა გალერეა "აკადემია +"-ში. 200-მდე გრაფიკული ნამუშევარი იქნა წარდგენილი ამ გამოფენაზე. 2010 წელს იწყებს მოღვაწეობას კალიგრაფიის ხელოვნებაში და ამავე წელს გახდა საქართველოს პირველი Calligrapher; 2010 წელს ჩატარებულ კონკურსში "ქართული კალიგრაფია", რომელშიც 10 000-ზე მეტი კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას, მან მოიპოვა გრან პრი და გახდა პირველი ადგილის მფლობელი. 2014 წელს, უკანასკნელად ჩატარებულ ამავე კონკურსში ის გახდა პირველი ადგილისა და ერთადერთხელ დასახელებული ნომინაციის - "წლის Calligrapher" - გამარჯვებული. 2011 წელს მოეწყო მეორე პერსონალური გამოფენა ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში. 2012 წელს, გამოიცა გ. სისაურის პირველი წიგნი "მათხოვრის დღიურები", რომელსაც კრიტიკოსებმა "ფილოსოფიური ტრაქტატი" უწოდეს. ამავე წელს გამოიცა მისი მეორე წიგნი, პოეტის პირველი ლექსების კრებული "უსათაურო", რომელიც შედგება 70 ლექსისგან და დაფინანსდა სვეტიცხოვლის საძმოს მიერ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. 2013 წელს, გამოიცა Giorgi სისაურის მესამე წიგნი სახელწოდებით "კომედია", რომელიც გახლავთ 333 სტროფიანი თანამედროვე ჰიმნოგრაფიული პოემა, რომელიც არქაული, ძველი ქართული ენითაა დაწერილი. ამ პოემის საფუძველზე თანამედროვეობის უდიდესმა მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა ახალგაზრდა მწერალს მომავლის პოეტი უწოდა. ამავე წიგნის წარდგენა მოეწყო რუსთაველის თეატრში და 17 წლის Giorgi გახდა ასაკით ყველაზე პატარა მწერალი, რომლის შემოქმედებით საღამოსაც რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა. 2014 წელს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში მოეწყო მისი მესამე პერსონალური გამოფენა, სადაც მისი გრაფიკული ნამუშევრები და ხელნაწერები გამოფენილი იყო უძველესი ხელნაწერი წიგნების გვერდით. ამავე წელს მისი ხელნაწერები გამოიფინა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში (ეგვიპტე) ქართული და არაბული ხელნაწერების ჯგუფურ გამოფენაზე. 1 წლის შემდეგ კი - სუჰაიმის კულტურულ ცენტრში "ბეითსუჰაიმი" (ეგვიპტე, კაირო). 2015 წელს ქმნის თავის ახალ ნაწარმოებს "იესო იბერიელი" - რომლის წარდგენაც რუსთაველის თეატრში გაიმართა. 2016 წელს, გ. სისაურის ხელნაწერი საჩუქრად გადაეცა რომის პაპ - ფრანცისკე I-ს. 2017 წელს, პოეტი ქმნის თავის ახალ ნაწარმოებს "ლუციფერის ტროპარი". 1 წლის შემდეგ კი თეოსოფიურ პოემას "სიცოცხლის ყვავილი", რომელიც წარმოადგენს იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადების"(აპოკალიფისი) ალეგორიულ და სიმბოლისტურ ინტერპრეტაციას. 2018 წელს, იქმნება მისი ახალი წიგნი "მისტიკი"(პროზა). ამავე წელს მისი ხელნაწერები გამოიფინა ოფენბახის შრიფტის მუზეუმში. ახალგაზრდა კალიგრაფით ინტერესდება მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლი CHANEL-ი. მან სპეციალურად ექსკლუზიური პარტნიორებისთვის ხელით გააფორმა ორი ღონისძიებისთვის განკუთვნილი მოსაწვევები და ღია ბარათები. 2017-2018 წლებში, იყო უნიკალური ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" თანაავტორი, რომლის ყდაც მსოფლიოში აღიარებულმა საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკემ და იუველირმა გუჯი ამაშუკელმა მოჭედა. ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნი" დაცულია გაეროს არტკოლექციაში (ქ. ნიუ-იორკი, აშშ.) როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში. 2019 წელს რუსთაველის თეატრში მოეწყო გ. სისაურის ხელოვნებაში მოღვაწეობის 10 წლის საიუბილეო საღამო "და გაჩერდა წამში წუთი". 2020 წელს მოეწყო მისი პერსონალური და ყველაზე მასშტაბური ექსპოზიცია - „სამოთხის შეხება“ (ბულგარეთი, სოფია), რომელზეც გამოფენილი იყო მხატვრის 85 ნამუშევარი სხვადასხვა კოლექციიდან. 2021 წელს გიორგი სისაურის პროექტი „ცის მეყვავილე“ - გამოიფინა ფრანკოფონული ფესტივალის ფარგლებში (სოზოპოლი, ბულგარეთი). 2022 წელს მხატვარი ქმნის თავის ახალ კოლექციას „რღვევა“, რომელიც წარმოადგენს რელიგიურ სერიას და გამოიფინა ამავე წელს (არაბთა გაერთიანებული საამირო, დუბაი, შარჟა). ამავე წელს მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა - „ანბანთქება“ (მილანი, იტალია). 2022 წელს გამოიცა მისი მეხუთე წიგნი "ღვთაებრივი მისტერია" - რომელიც აერთიანებს 37 ნაწარმოებსა და 7 პოემას. ძველ ქართულ ენაზე შექმნილი წიგნი წარმოადგენს თეოსოფიური პოეზიისა და თანამედროვე ჰიმნოგრაფიის სინთეზს. ამ უკანასკნელმა აღაფრთოვანა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II და მისი შემოქმედება კოსმოსს შეადარა, თავად პოეტს კი ღვთის შვილი უწოდა. არის 5 წიგნის, 600-მდე გრაფიკული ნამუშევრისა და 200-მდე კალიგრაფიული ნიმუშის ავტორი. მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური ჯილდო და სამადლობელო წერილი (2010); 2012 – 2014 წლებში იყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "იავნანა"-ს სტიპენდიანტი, როგორც განსაკუთრებული ნიჭიერების მქონე ახალგაზრდა.
2022: „თბილისი – საქართველოს დედაქალაქი 900“
2022 წლის 10 დეკემბერს საერთაშორისო კალიგრაფიული გამოფენა მიეძღვნა თბილისის ერთიანი საქართველოს დედაქალაქად გამოცხადებიდან 900 წლის იუბილეს. პირველად საქართველოში კალიგრაფები თბილისიდან, ბერლინიდან, სტამბოლიდან, თელ-ავივიდან, ერევნიდან და კიევიდან გაერთიანდნენ
2022: „თერძი“
2022 წლის 10 ივნისს „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციამ“ და მამაკაცთა სამოსის ბრენდმა „ელიას მოსილი“ წარმოადგინა პროექტი „თერძი“. გაიმართა პროფესიონალი კალიგრაფების, გიორგი სისაურის, დავით მაისურაძისა და ანა გოქაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. საგანგებოდ ამ პროექტისათვის შექმნილი კალიგრაფიული ქმნილებების შინაარსი დაკავშრებულია სამოსთან.
2022: „ქართველი კალიგრაფები უკრაინისთვის“
2022 წლის 30 აპრილს „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ ინიციატივით გაიმართა გამოფენა-გაყიდვა უკრაინის მხარდასაჭერად. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გიორგის 2 ნამუშევარი.
2015: „განსხვავებული ხაზები, საერთო გრძნობა“, კაირო
გამოფენა ჩატარდა 2015 წლის 15-30 ნოემბერს, საქართველოს საელჩოსა და ეგვიპტის კულტურის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, კაიროში, სუჰაიმის კულტურულ ცენტრ „ბეით სუჰაიმში“. წარმოდგენილი იყო ქართველი და ეგვიპტელი კალიგრაფების ნამუშევრები.